კალაძე: როცა ნახავენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტულია, უფრო მეტი ადამიანი იმგზავრებს

272

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ცუდმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოქალაქეები აიძულა კერძო ავტომობილებზე გადასულიყვნენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, როცა თბილისის მაცხოვრებლები ნახავენ როგორი კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ავტომობილებზე უარს იტყვიან.

“ადამიანებს ვერ გაამტყუნებ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. მას შემდეგ, რაც რეფორმა დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წესრიგდება და ამ ქალაქში მცხოვრებლებს იმის შესაძლებლობას მივცემთ და დავანახებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტულია. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ავტომობილით არ გადაადგილდეს”, – აცხადებს კალაძე

ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის სტრატეგიულ გეგმაზე და თქვა, რომ  კომპანია “რამბოლმა” დოკუმენტის წარდგენა დააგვიანა. ამის მიუხედავად, მერიამ კომპანიას ვადა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივა.

“ხელშეკრულება მიზანმიმართულად არ გავუწყვიტეთ და კიდევ მივეცით შესაძლებლობა იმის, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგინონ. თუ ვერ წარმოადგენენ ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებას გავუწყვეტთ. ვადა რამდენიმე თვე კიდევ აქვთ”, – განაცხადა კალაძემ.