დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

594

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.