ქუთაისში კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა

667

ქუთაისში კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის 19 საერთო ეზოში მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების დაგება.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

„ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რომლებიც 2020 წლისთვის გვქონდა დაგეგმილი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უკვე შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. შესაბამისად, განვაახლეთ ის სამუშაოები, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა დაწყებული. მუშაობის პროცესში დაცულია ყველა რეკომენდაცია,“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

კორპუსებამდე მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად სულ 400 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.