საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც დიდი დიღმის დასახლებაში ორ მთავარ ქუჩას – მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს, ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა.
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 10 417 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარი. პროექტის ღირებულება 1 590 460 ლარია.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები აწარმოა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ. კერძოდ, მირიან მეფისა და თეიმურაზ პირველის ქუჩების დამაკავშირებელ კვანძზე მოეწყო ე.წ. ნახევარწრე, რომელიც საგზაო მოძრაობას მოაწესრიგებს. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელები და დაიხაზა შუქნიშნით რეგულირებადი ზებრა გადასასვლელი.
„საბურთალოს რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ეს არის დიდი დიღომი, სადაც მირიან მეფისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩები ერთმანეთს დაუკავშირდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აქ გზა არ არსებობდა. იყო მხოლოდ ხელოვნურად გაკეთებული გრუნტის გზა, რომელიც დიდ პრობლემას ქმნიდა, განსაკუთრებით ცუდ ამინდში და გადაადგილება შეუძლებელი იყო. დღეს გზა ყველანაირად მოწესრიგებულია და გამართულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, გაჩნდა საავტობუსო ზოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დიდი დიღმის მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქტიურად იყენებს. დაახლოებით, 60 000 მგზავრს ემსახურება, როგორც ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები. შესაბამისად, სწრაფი გადაადგილება მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო საბურთალოს რაიონის გამგებელს, გამგეობის თანამშრომლებს პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.