დუშეთში ურბანული განახლების მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

416

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ურბანული განახლების პროგრამას ახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპის ფარგლებში ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ურბანული განახლების მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები, რომლის მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, დუშეთის ურბანული განახლების მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 40 სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ქუჩების მოპირკეთება-კეთილმოწყობას, დაიწყო 2018 წლის ნოემბრის ბოლოს. სამუშაოებს დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წესების შესაბამისად ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებდა. ვინაიდან კომპანია ჯეროვნად ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, 2020 წლის თებერვალში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა, კომპანია კი დაჯარიმდა. დაწყებული 5 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით, დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში, შეირჩა ახალი სამშენებლო კომპანია. ახალმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო 2021 წლის აპრილში და მისი დასრულების ვადად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მიმდინარე წლის დეკემბერი. ამჟამად, დასრულებულია სამუშაოების 75%.

სამინისტროს ცნობით, პროექტის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული 35 სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის დეკემბერში. კომპანიამ სამუშაოების დაწყება ეტაპობრივად, მხოლოდ 2022 წლის 17 ივლისიდან შეძლო, ვინაიდან, როგორც მოსახლეობასთან დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმებას, ისე სხვა აუცილებელი პროცედურული საკითხების დასრულებას, გარკვეული დრო დასჭირდა. მოცემულ ეტაპზე კონტრაქტორი აწარმოებს სამუშაოებს 22 სახლზე და აგრძელეს პროექტით განსაზღვრული არეალის ათვისებას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წელი. შენობა არის კერძო თანასაკუთრებაში და სამუშაოების დაწყება საჭიროებს კერძო მესაკუთრეების ერთობლივ თანხმობას, რომლის მოპოვება გაჭიანურდა თანამესაკუთრეთა შეუთანხმებლობის გამო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარმოებული აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ამ ეტაპზე მესაკუთრეებისაგან წერილობითი თანხმობა მიღებულია. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთანაც.