სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს. სოფელ ქვემო ბოლნისში 6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა.
ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფლის მოსახლეობის ნაწილთან, საკარანტინო შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
“კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა სოფელში 6 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ 2 საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექცია არცერთ მოქალაქეს არ დადასტურებია. მედიკოსები მოსახლეობაზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. ვინაიდან სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მოქალაქეებს მიმდებარე ოთხ სოფელში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ,”- ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
„2 დღის წინ ეპიდემიოლოგებმა ბოლნისის მუინიციპალიტეტში 33 ბიოლოგიური ნიუმუში აიღეს, საბედნიეროდ კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, ამ ეტაპზე 24 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ქვემო ბოლნისში ბოლო დადასტურებული შემთხვევა 6 აპრილს გვქონდა, ამ რიცხვიდან უკვე გავიდა ორი საინკუბაციო პერიოდი, ეს მონაცემები ჩვენთვის იმედისმომცემია და შესაძლებლობას გვაძლევს სოფელი გავხსნათ და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება, მოვხსნათ. ახლა უკვე ქვემო ბოლნისის მოსახლეობას მიმდებარე ოთხ სოფელში გადადგილება თავისუფლად შეუძლია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ბოლნისში 1 აპრილს ჩაიკეტა, სადაც კორონავირუსი 6 მოქალაქეს დაუდგინდა, აქედან 2 პირი კი გარდაიცვალა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ეს ტერიტორიები ჩაკეტილია და საზღვრებზე მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცველები აკონტოლებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.