ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი 1 აპრილიდან სრულად ჩაკეტეს – სოფელი იზოლირებულია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.
მათივე ინფორმაციით, სოფლის იზოლირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის დატოვება ეკრძალება. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მაცხოვრებლების სამედიცინო შემოწმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 3 შემთხვევიდან 2 ინფიცირებული ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელია.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი დროებით ჩაიკეტა. სოფლის მოსახლეობა ამ საგანგებო ზომების შესახებ უკვე ინფორმირებულია. ადგილობრივი მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული. სოფლის მოსახლეობას ვთხოვ დაიცვან საკარანტინო წესები და მოთხოვნები“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 117 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.