ახალ სასწავლო წელს ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ.
„სარებილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სახურავი, დაზიანებული კარ-ფანჯარა ჩანაცვლდა უმაღლესი ხარისხის ალუმინის მასალით, მოპირკეთდა საპირფარეშოები, გაფართოვდა და გარემონტდა საკლასო ოთახები. მოსწავლეები ისარგებლებენ დიდი, ნათელი ბიბლიოთეკითა და სასადილო სივრცით. კეთილმოეწყო სპორტდარბაზი, ეზოში კი გაკეთდა მინი სტადიონი. სრული რეაბილიტაციის მიუხედავად, სკოლას შეუნარჩუნდა ტრადიციული იერსახე“,- განმარტავენ ბოლნისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ სკოლაში ინკლუზიური გარემო შეიქმნა, შშმ მოსწავლეებისთვის გაკეთდა ლიფტი და პანდუსი.
სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
„თითოეულ მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე მსურს, განსაკუთრებით მივულოცო ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რადგან ისინი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის, ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში განაახლებენ სასწავლო პროცესს. ამ ისტორიულმა სკოლამ არაერთი თაობა აღზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსწავლეებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ორმაგ მოტივაციას მისცემთ მათ კარგად ისწავლონ და მიღებული ცოდნა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. აქვე მინდა სწავლის დაწყება ჩვენს პედაგოგებს მივულოცო და მათ მადლობა გადავუხადო მუხლჩაუხრელი შრომისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
შეგეხასენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 22 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.