ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ.
„დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, – განაცხადა ადგილზე მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, თამილა ბარკალაიაც იმყოფებოდა.
დედაქალაქის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.