ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა უნდა უზრუნველეყო, ხელისუფლებამ პოლიტიკური ზეწოლისა და ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე ზემოქმედების ინსტრუმენტად აქცია, – ასე ფიქრობენ დარგის ექსპერტები და მკვლევრები, ვინც ამ პროგრამას, მისი დაწყებიდან დღემდე იკვლევენ, სწავლობენ და სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ საზოგადოებას რეკომენდაციებს სთავაზობენ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა სამი წელია, მოქმედებს, მისი მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ ინფორმაცია მწირია. ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები ამბობენ, რომ საჯარო უწყებები – ჯანდაცვის სამინისტრო, დასაქმების სააგენტო თუ მუნიციპალიტეტები ინფორმაციას შეგნებულად მალავენ, რაც კიდევ უფრო მეტი ეჭვის საფუძველს იძლევა. თათული ჭუბაბრია, სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სახელმწიფო პროგრამის შესწავლა დაიწყო და არაერთი ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციებიც მოამზადა.
როგორია მისი შეფასებები პროგრამის დაწყებიდან 3 წლის თავზე, რა საფრთხეებსა და გამოწვევებს ხედავს და თვლის თუ არა, რომ ამ პროგრამამ მართლაც შეამსუბუქა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა, – ამ საკითხებზე droa.ge-თან თათული ჭუბაბრია საუბრობს:
– თათული, სამი წელი გადის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დაწყებიდან. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია, შევაფასოთ, რეალურად იმუშავა თუ არა მან. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტიანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ეს პროგრამა სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად?
– ეფექტიანობის კვლევა ან მონაცემების მონიტორინგი რომ აწარმოო, შესაბამისი მონაცემები უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, ინფორმაცია დახურულია და მასზე წვდომის საშუალება არავის მისცემია. ალბათ, ამით იგებს სამინისტროც, რომ ამ ბუნდოვანებაში გვამყოფებს და ვერ ვამბობთ დადასტურებულად და მტკიცებით ფორმაში, რომ პროგრამას დაბალი ეფექტი ჰქონდა. პირველ რიგში, პრიორიტეტული უნდა იყოს იმ ეფექტზე დაკვირვება, რაც არის სოციალური მოწყვლადობისა და შემწეობაზე დამოკიდებულების დაძლევა. ეს ეფექტი გვაინტერესებს ჩვენ.
შეიძლება, სამთავრობო გუნდს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა და ის ეფექტი კი მიიღწა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, პირიქით, დატოვა სისტემაზე დამოკიდებული და წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მანიპულაციის, მათ პოლიტიკურ არჩევანზე ზემოქმედების ინსტრუმენტიც დაიტოვა ხელში.
ჩვენ რაც გვაინტერესებდა, მართლაც შეძლებდა თუ არა ეკონომიკურად არააქტიური მოქალაქის გააქტიურებას, ღია დასაქმების ბაზარზე სამსახურის ძიებას, პოვნას და დასაქმებას, ეს, ჩემი დაკვირვებით, ვერც მიიღწეოდა პროგრამის ამ დიზაინით და დღეს, იმის გამო, რომ არანაირი მონაცემი არ არსებობს, ვერ ვზომავთ, შესაბამისად ძალიან გვიჭირს იმის თქმა, მიიღწა თუ არა ეს შედეგი.
– თქვენ თქვით, რომ ინფორმაცია არის დახურული და პროგრამა გაუმჭვირვალეა. რატომ ურჩევნია ხელისუფლებას, რომ დატოვოს შეკითხვები, თუ ეს პროგრამა მართლაც წარმატებულია და იმ მიზანს ემსახურება, რაც დაისახეს?
– ეს, ზოგადად, ფართო პრობლემაა და მხოლოდ ამ პროგრამას არ ეხება – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტოტალურად გვიმალავენ მონაცემებს. ამ პროგრამასთან დაკავშირებით კი, არსებობს ეჭვები, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ვერ მართავს ამხელა სისტემას და მონაცემებს. მე იმასაც ვუშვებ, რომ მათ არ აქვთ გამართული მონაცემთა ბაზები. ტექნიკურად ურთულესი სამუშაო იქნებოდა და არაერთი განვითარების სააგენტოს ჩართულობა იქნებოდა საჭირო, რომ ეს ბაზა გამართულიყო. არ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით რაიმე თანხა დაიხარჯა, ან მხარდაჭერა მიიღეს საერთაშორისო სააგენტოებისგან. ეს მონაცემები ავტომატიზებული უნდა ყოფილიყო. ეს გააადვილებდა მათ საქმიანობასაც და ჩვენთვისაც უფრო გასაგები იქნებოდა, მაგალითად, დაძლიეს თუ არა ის ოთხწლიანი ბრონი, როცა პროგრამის ბენეფიციარებს, დასაქმების სანაცვლოდ, სოციალური დახმარება უნარჩუნდებათ. რასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე რეკომენდაციებში, არის ის, თუ რა ხანგრძლივობით უნდა იყოს დასაქმებული ადამიანი. ეს არ არის ცხადი და ის მონაცემთა ბაზა იმისთვის მაინც უნდა არსებობდეს, რომ იქ მოინიშნოს, მოქალაქე რა ხანგრძლივობით დასაქმდა და ეს ბრონი რა ხანგრძლივობის დასაქმების შედეგია.
– ღია შრომის ბაზარზე დასაქმება უნდა ყოფილიყო ამ პროგრამის საბოლოო შედეგი. თუ გაქვთ ინფორმაცია, დასაქმდა თუ არა ვინმე ღია შრომის ბაზარზე ამ ხნის განმავლობაში?
– ამ კვლევის შემდეგ არ მიცდია გასაუბრება პროგრამის ბენეფიციარებთან, შესაბამისად, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ რაც მე ვიკვლიე, მიჩენდა იმ განცდას, რომ ამ პროგრამის ბენეფიციარები ვერც ვერასდროს შეძლებდნენ, თავი წარმოედგინათ, რომ ღია ბაზარზე დასაქმდებოდნენ.
– რამ გაგიჩინათ ეს განცდა?
– იმან, რომ მოსახლეობასთან ამ კუთხით არავინ მუშაობდა. არცერთი სოციალური აგენტი, ვინც კი ბენეფიციარს ინფორმაციას აწვდიდა, არ უხსნიდა ამ ადამიანებს, რომ ისინი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, თავად უნდა დასაქმებულიყვნენ. ეს ოთხწლიანი ბრონიც საკმაოდ ხანგრძლივია და რთულია, დავიჯეროთ, რომ ის ღია ბაზარზე დასაქმებისთვის არის.
როცა ადამიანი 6 თვეზე, 18 თვეზე, 5 წელზე მეტხანს უმუშევარია, გარკვეულ სამუშაოზე ასაქმებ, მაგრამ, პარალელურად, 4-წლიან პერიოდს აძლევ, როცა მის სოციალურ შემწეობას არაფერი დაემუქრება, რეალურად, აძლევ საშუალებას, დამატებით კიდევ 4 წელი არააქტიური იყოს. ეს, პირიქით, დაძლევა კი არა, იმ მოწყვლადობაში დატოვებაა, როდესაც ეკონომიკურად არააქტიურს ეუბნები, კიდევ 4 წელი შეგიძლია, ეკონომიკურად არააქტიური იყოო.
ამით იმის თქმა მინდა, რომ თავად პროგრამის დიზაინში არის ის მანკიერებები, რაც ამის შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, ანაზღაურების დადგენა როგორ მოხდა? რასთან მიმართებით – მინიმალურ ხელფასთან, საშუალო ხელფასთან, საათობრივთან? ეს სამუშაოც არ იქნა გაწეული და კონკრეტული ციფრი ჰაერიდან მოვიდა. არავის ჰქონდა ნაფიქრი, სად არის ის ზღვარი, სადაც მოქალაქეს უკვე უღირს, რომ იმუშაოს და არ იჯდეს სახლში. ასევე, არის არაერთი სხვა მიზეზიც, რის გამოც ღია ბაზარზე დასაქმება ასე ვერ მოხდებოდა. მაგალითად, თუკი ეკონომიკურად არააქტიური ქალის, შინმოვლაში ჩართული პირის დასაქმებაზე ვსაუბრობთ, ამას, მხოლოდ გადამზადება კი არა, სხვანაირი ხელშემწყობი სერვისები სჭირდება, ისეთი შემავსებელი პროგრამები, რომელიც ცოტა გამოათავისუფლებს ასეთი ადამიანის ხელს და დროს.
– ფაქტია, ხელისუფლებამ ეს პროგრამა წარმოგვიდგინა სოციალური სიდუხჭირის დაძლევისა და სოცდაუცველთა დასაქმების რეალურ მექანიზმად. შეეძლო ამ პროგრამას ასეთი ამბიციური მიზნის აწევა? როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?
– თუ შევხედავთ მხოლოდ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის პრიზმიდან, თითქოს ის, რომ ვორქნეტიც არსებობს და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოც, რომელსაც, გარკვეულწილად, ღია შრომის ბაზარზე სამუშაოს ძიების ინსტრუმენტებიც აქვს, თითქოს ეს ორი პროგრამა უკვე საკმაოდ მსხვილი და ერთმანეთის შემავსებელი პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ვლაპარაკობთ სოციალურად დაუცველებზე, არა მხოლოდ დასაქმების პოლიტიკის ნაწილს უნდა ვუყურებდეთ, მას სოციალური დაცვისა და შემწეობების პოლიტიკასთან ერთად უნდა ვიაზრებდეთ. აი, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად არის სირთულეები. ახლა ისე გამოდის, რომ, თითქოს, ჩვენ ვერ ვაწვდით ბაზარს კვალიფიციურ კადრებს და მხოლოდ მშრომელთა კვალიფიკაციაა პრობლემა, მაგრამ, მეორე მხრივ, რა ტიპის სამუშაო ადგილებს ქმნის ჩვენი ბაზარი, როგორია დასაქმების ხარისხი, ანაზღაურების დონე და პირობები? რა ტიპის ხელშეწყობა სჭირდებათ მშრომელებს, რომ დასაქმდნენ?
– ისევ ამ პროგრამას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენთან ძალიან შევიწროებულია ის წრე, ვისაც პროგრამის ფარგლებში სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია. ესენი არიან მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებები. ევროპულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, იქ უფრო მეტი აქტორია ამგვარ პროგრამებში ჩართული და სამუშაო ადგილები შეუძლიათ, შექმნან საზოგადოებრივმა და სათემო ორგანიზაციებმა, პროფკავშირებმა და ა.შ. რით ახსნით, რატომ შეზღუდა მთავრობამ ეს წრე, მით უფრო, რომ პროგრამის დასაწყისში მაშინდელი პრემიერი ამბობდა, რომ ის მთლიანად ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობოდა?
– დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ვიცით, არჩევნები როგორ გაყალბდა და რა ჩარევებს ჰქონდა ადგილი, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ პროგრამებს ერთადერთი მიზანი აქვს – გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულ პირთა წრე იმისთვის, რომ ეს შიში და მორჩილება მმართველი გუნდის მიმართ კიდევ უფრო ძლიერი იყოს. ეს მოდელი – გაზარდო ე.წ. ბიუჯეტნიკების რაოდენობა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ის, რომ სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ჩვენთან დასავლური სააგენტოების მიერ დაფინანსებულია, რა თქმა უნდა, ალბათ, უზღუდავდა ხელისუფლებას მოქმედების არეალს, რომ ერთად გვემუშავა. გარდა ამისა, ევროპაში ეკლესიაც ერთ-ერთი სუბიექტია, სადაც შეიძლება მოხალისეობრივი სამუშაო გაიწიოს. ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და სახელმწიფო უფრო დაახლოებულები არიან, როგორც ჩანს, ვერ წარმოიდგინეს, როგორ შეიძლებოდა ამის ისე ორგანიზება, რომ ის მაინც ყოფილიყო პროგრამაში ჩართული.
– საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება რუსული კანონის მიღების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა. ალბათ, ესეც არის ახსნა, რატომაც ჩაკეტეს ეს წრე?
– კი, პირველ მიზეზად მეც მაგას ვხედავ. ამ პროგრამით დასაქმებულები კონტროლს მიღმა არ უნდა ყოფილიყვნენ. თუ პროგრამა დარღვევებით წავიდოდა და ამას შიგნიდან დაინახავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ხომ უფრო მეტ კრიტიკას გამოიწვევდა?
დასაქმების პროგრამის ღიაობა ავტომატურად ნიშნავდა მის ჩამოქცევას, იმიტომ, რომ ის ელემენტარულ საჯარო მზერას ვერ გაუძლებდა.
– ამ პროგრამას ჰქვია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებასთან ერთად, ბენეფიციარები გარკვეულ საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ქმნიდნენ. ვაკანსიებს რომ შევხედოთ, არის ეს სამუშაო ადგილები საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი და იქნებოდა თუ არა სხვა სურათი, პროგრამაში უფრო ფართო წრე რომ ჩართულიყო?
– ყველაზე მარტივია, გითხრან, რომ აი, დასუფთავების თანამშრომლები დავამატეთ და რაც უფრო სუფთა იქნება საჯარო სივრცე, ეს საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს.
– თუმცა, ეს კომუნალური მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი უფლებამოსილებაა და საკუთარი სამსახურებით ამ სამუშაოს ისედაც უნდა ასრულებდეს…
– იმაზე აღარ საუბრობენ, რომ ეს ისედაც ვიღაცის უფლებამოსილების სფეროა. ასევე, არ საუბრობენ იმაზე, რომ ერთი და იმავე გაზონის გაჭრა ყოველდღიურად არ არის საჭირო, ან რაც უფრო მეტჯერ დავაგვევინებთ ეზოს, მით უფრო სუფთა იქნება და ეს საჯარო ინტერესია. არა, არ არის ასე და ლოგიკურობის მიღმაა ის მასშტაბი, რა მასშტაბითაც თუნდაც ამ დასუფთავებაზე აკეთებენ აქცენტს. ხომ უნდა მოამზადო არა მხოლოდ მშრომელები, არამედ ისინიც, ვინც ამ სამუშაო ადგილებს ქმნიან? მე ვიცი, რამხელა ტვირთი იყო ეს თავად ამ მუნიციპალური ორგანოებისთვის, ვისაც დასაქმების ადგილები უნდა შეექმნათ, იმიტომ, რომ მათ შესაბამისი ინსტრუქცია არ მიუღიათ. მათ, ალბათ, უბრალოდ, მიიღეს ზარი, რომ ამდენი და ამდენი ადამიანი მოვა თქვენამდე და უნდა დაასაქმოთ. თავიდან ისიც არ იცოდნენ, რა ინვენტარით აღეჭურვათ ეს ადამიანები და დადგენილებაში ნელ-ნელა ემატებოდა ეს ჩამონათვალი. ამ მხრივ, თავიდან სრული ქაოსი იყო. ვინც უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, უშუალოდ რას აკეთებს მშრომელი, ეს არის არა ჯანდაცვის სამინისტროში ან დასაქმების სააგენტოში ნაფიქრი, არამედ მუნიციპალურ ორგანოებში და ძალიან უხეშად, ხისტად და სწრაფად მიცემული დავალების გზით. ამ ვითარებაში რანაირად შექმნიდა ისეთ სამუშაო ადგილს, რომ ვინმესთვის ყოფილიყო ის საზოგადოებრივი სიკეთის მატარებელი? პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სხვადასხვა შესაძლებლობის, ოჯახური მდგომარეობის ადამიანები არიან.
როდესაც კომპლექსურად არ ფიქრობენ, ვინ სად და რატომ საქმდება, როდესაც მრავალშვილიან დედას ეუბნებიან, რომ შენ ახლა ან დასაქმდები, ან დაკარგავ შემწეობას, მერე ისიც იწყებს ვაჭრობას, რამდენი საათი შეუძლია მას ამ საქმისთვის გამოყოს, სად და როგორ. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთ ადამიანებს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას სთხოვდნენ მხოლოდ.
ვინ არის ის სუბიექტი, ვინც ამგვარ დათმობებზე მიდის და იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს, რამდენად შეუმსუბუქოს კონკრეტულ ადამიანს შრომის პირობა? ამაზე არ იყო შესაბამისად ნაფიქრი და ეს გადაწყვეტილებები, ისევ, ალბათ, დამსაქმებლის, ანუ მუნიციპალიტეტის, მხრიდან მიიღებოდა და დარწმუნებული ვარ, ბევრ უსამართლობასაც აჩენდა. ვიღაცის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, ვიღაცის მიმართ – არა, ვიღაც საერთოდ არ დადიოდა სამუშაოზე და უბრალოდ, ტაბელს ავსებდა და ასე იღებდა კუთვნილ ხელფასს – ასეთი არაერთი მაგალითია და ეს მაგალითები, ერთი მხრივ, უსამართლობის განცდას ქმნის და მეორე მხრივ, ზრდის მშრომელებით მანიპულაციის შესაძლებლობას.
– პროგრამა, სავარაუდოდ, გაისადაც გაგრძელდება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პროგრამის რეალური მიზანი მიიღწეს, საბიუჯეტო თანხები არაეფექტიანად არ გაიხარჯოს და ის ისევ არ დარჩეს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე ზემოქმედების ბერკეტად?
– ახლა ამ პროგრამებში ძალიან დიდ თანხას ვხარჯავთ და შედეგს ვერ ვაღწევთ, იმიტომ, რომ თავად მოდელია ასეთი. ამიტომაც, ის გადასახედია. შეიძლება, იდგა საქართველოში ის ეტაპი, როდესაც ამ მოდელით უნდა დაწყებულიყო სოციალურ პოლიტიკაზე მუშაობა, მაგრამ თუ არ შეიცვალა, რამდენი პროგრამაც არ უნდა დავამატოთ და ერთმანეთის შემავსებლად წარმოვიდგინოთ, მაინც არ ეყოფა. თუ სისტემის რეფორმირებაზეა საუბარი, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის დიზაინი უნდა გადაიხედოს იმ არაერთი რეკომენდაციის მიხედვით, რასაც დასავლური განვითარების სააგენტოები გვაძლევენ; თავისი როლი ამ მოდელმა შეასრულა და ახლა, საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, ფუნდამენტურად ახალი პროგრამები უნდა დაინერგოს.