ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა გუშინ ბოლნისსა და მარნეულში მასშტაბური კვლევები ჩაატარეს, მარნეულში 303 საკვლევი მასალა აიღეს, ბოლნისში – 35 და მათგან ახალი კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
“გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგების ძალიან მასშტაბური ბრიგადები იყვნენ და მოცულობითი სამუშაო ჩატარდა. მარნეულში აღებული იქნა 303 საკვლევი მასალა, საიდანაც საბედნიეროდ, ყველა უარყოფითი პასუხია, ისევე როგორც ბოლნისში 35-დან პასუხი ასევე უარყოფითია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას რუსთავშიც, თეთრიწყაროდან დადასტურება არ გვაქვს, ანუ მთლიანობაში ქვემო ქართლში მატება არ არის. გამოჯანმრთელების 9 ფაქტია ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სოფელ ქვემო ბოლნისში 6 აპრილის შემდეგ ინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა, 6 შემთხვევიდან 4 გამოჯანმრთელდა 2 კი გარდაიცვალა. გამომდინარე აქედან, შოთა რეხვიაშვილი მიმართავს ეპიდემიოლოგებს, გასცენ რეკომენდაციები თუ რამდენადაა შესაძლებელი ქვემო ბოლნისში კარანტინი მოიხსნას.
“აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქცენტირებულად იყო გაძლიერებული ტემპით კვლევები ჩატარებული, მოგეხსენებათ იქ პირველი საკარანტინე სივცე იყო შექმნილი, დადასტურებული ექვსი ფაქტიდან, სამწუხაროდ, 2 გარდაცვალების ფაქტი იყო და 4 გამოჯანმრთელებული. დღეის მდგომარეობით თემში დაავადებული აღარ გვყავს. ბოლო დადასტურებული ფაქტი იყო 6 აპრილს და დინამიკა აღარ ყოფილა გავრცობის. ჩვენ მივმართავთ ეპიდემიოლოგებს რეკომენდაციები გასცენ ამ მოვლენებიდან და გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია საკარანტინე რეგულაციების მოხსნა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი 1 აპრილიდან სრულად ჩაკეტეს – სოფელი იზოლირებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამჟამად 8 სოფელი და დაბაა ჩაკეტილი.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.