ორშაბათიდან ბათუმის აგრარული ბაზრის შენობის პირველ სართულზე ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნება

721

ორშაბათიდან ბათუმის აგრარული ბაზრის შენობის პირველ სართულზე ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნება. ტერიტორიაზე ამ  ეტაპზე სადეზინფექციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ბაზრის დირექტორი აცხადებს, რომ სექციები სოციალური დისტანციის დაცვით განთავსდება და დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით.

პარალელურად ბაზრების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. აჭარაში უწყების ინფორმაციით, დარღვევის ფაქტი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

მომხმარებლები პროდუქტების შეძენას დღეიდან ქვეყნის მასშტაბით 47 აგრარულ ბაზარში შეუძლიათ.

2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.