რამდენი ლარით აფინანსებენ აჭარის რეგიონში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებს და რამდენი ლარი იხარჯება ახალი წიგნების შესაძენად

844

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

ბიბლიოთეკები მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია. შესაბამისად, ბიბლიოთეკების კეთილმოწყობა და ფუნქციონირება ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტების სიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს.

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.

ბათუმის მუნიციპალიტეტი

ბათუმის მუნიციპალიტეტში ფუნქციონიერებს ა(ა)იპ “აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა”, რომელიც განთავსებულია ორ შენობაში.

2018-2022 წლებში ბიბლიოთეკას სამჯერ ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ჯამში 175 372 ლარი დაიხარჯა. პირველად 2018 წელს რეაბილიტაცია საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას (ჯავახიშვილის ქ. 72) ჩაუტარდა. 2019-2020 წლებში კი, ძირითადი შენობის (ვაჟა-ფშაველას ქ. 21) სარდაფისა და შენობის კარ-ფანჯრების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩატარდა.

2018-2022 წლებში ბათუმის მერიის მიერ ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ ჯამში 4 359 700 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს ბიუჯეტიდან 872 800 ლარი გამოიყო, 2019 წელს – 856 700 ლარი, 2020 წელს – 918 100 ლარი, 2021 წელს – 795 300 ლარი და 2022 წელს – 916 800 ლარი.

2018-2022 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად ბიუჯეტიდან ჯამში 135 000 ლარი გამოყო. კერძოდ, 2018 წელს – 40 000 ლარი, 2019 წელს – 45 000 ლარი, 2020 წელს – 15 000 ლარი, 2021 წელსაც – 15 000 ლარი, ხოლო, 2022 წელს – 20 000 ლარი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც, ა(ა)იპ “კულტურის ცენტრის” დაქვემდებარებაში, ასევე, ერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. თუმცა, 5 წლის განმავლობაში აღნიშნულ ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩატარებია. არ აშენებულა არც ახალი ბიბლიოთეკა.

2018-2022 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას ცალკე ბიბლიოთეკისთვის დაფინანსება არ გამოუყვია. როგორც ჩანს, მათ შორის, ბიბლიოთეკის თანხა ა(ა)იპ “კულტურის ცენტრს” ეძლეოდა, თუმცა, მერიამ რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალა, ეს ინფორმაცია მოეწოდებინა.

ამავდროულად, მერიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში რა თანხა გამოყო წიგნების შესაძენად. როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა ჯამში 3 420 ლარს შეადგენს: 2018 წელს – 450 ლარს, 2019 წელს – 1 820 ლარს, ხოლო 2019 წელს – 1150 ლარს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ასევე, ერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. ბიბლიოთეკას ამ წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბიბლიოთეკა ა(ა)იპ “ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” შემადგენლობაშია, ცალკე გამოყოფილი დაფინანსება ბიბლიოთეკას არ გააჩნია და საერთო სუბსიდირებაში შედის, თუმცა, ქობულეთის მერიის მსგავსად, არც ხელვაჩაურის მერიამ ჩათვალა თავი ვალდებულად, თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა.

2018-2022 წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წიგნების შესაძენად გამოყოფილმა დაფინანსებამ 6 242 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს წიგნებისთვის 1 994, 2019 წელს- 1 948, 2021 წელს – 1 500, ხოლო 2022 წელს 800 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს წიგნების შესაძენად თანხა არ გამოყოფილა.

ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტშიც, ასევე, ერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, რომელსაც 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამ წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში არც ახალი ბიბლიოთეკა აშენებულა.

2018-2022 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკის დაფინანსებამ 11 155 ლარი, ხოლო, წიგნების შესაძენად გამოყოფილმა თანხამ 11 153 ლარი შეადგინა. 2018 წელს წიგნებისთვის 2 503, 2019 წელს – 2 434, 2020 წელს – 2 723, 2021 წელს – 2 840 და 2022 წელს 653 ლარი დაიხარჯა.

შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტში 8 მოქმედი ბიბლიოთეკაა: შუახევის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ჭვანის, ზამლეთის, უჩამბის, ოლადაურის, ბარათაულის და დღვანის სასოფლო ბიბლიოთეკები; 2018-2022 წლებში არცერთ მათგანს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

2018-2022 წლებში შუახევის მერიის მიერ ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილმა თანხამ 409 704 ლარი შეადგინა. აქედან 2018 წელს – 61 560, 2019, 2020 და 2021 წლებში ყოველწლიურად 84 720-84 720 ლარი, ხოლო 2022 წელს – 93 984 ლარი გამოიყო.

2018-2022 წლებში შუახევის მერიის მიერ ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2018 წელს 6 394 ლარი იყო, 2019 წელს – 2 542; 2020 და 2021 წლებში ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა, ხოლო 2022 წელს კი 5 000 ლარი დაიხარჯა.

ხულოს მუნიციპალიტეტი

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ 13 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, ქვედა ვაშლოვანის, ზედა ვაშლოვანის, უჩხოს, დიდაჭარის, საციხურის, ღორჯომის, დიოკნისის, რიყეთის, სხალთის, ხიხაძირის, კალოთის სასოფლო ბიბლიოთეკები.

ხულოს მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018-2022 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში მერიის მიერ ტექნიკურად გამართულ შენობებში 11 სასოფლო კლუბი გაიხსნა. სწორედ ამ შენობებშია განთავსებული სასოფლო ბიბლიოთეკებიც და მერიის ინფორმაციით, არცერთი მათგანი ამ ეტაპზე რეაბილიტაციას არ საჭიროებს.

რაც შეეხება დაფინანსებას, 2018-2022 წლებში მერიის მიერ ბიბლიოთეკების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა 401 230 ლარს შეადგენს. კერძოდ, ბიბლიოთეკები 2018 წელს – 88 320, 2019 წელს – 89 510, 2020 წელს – 83 020, 2021 წელს – 85 000, ხოლო 2022 წელს – 55 380 ლარით დაფინანსდა.

რაც შეეხება ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენ თანხას, ხულოს მერიას 2018-2022 წლებში ბიუჯეტიდან ასეთი თანხა არ გამოუყვია, თუმცა, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნებს პერიოდულად გადასცემს ხოლმე.

ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრის სახით, სასოფლო ბიბლიოთეკებს 10 კომპლექტი კომპიუტერული და სხვა დანადგარები გადასცა.  ამერიკული კუთხისათვის კი ამერიკის საელჩომ ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად 4500 ამერიკული დოლარის ექვივალენტის კომპიუტერები და სხვადასხვა ძვირფასი ღირებულების დანადგარები და ინვენტარი გადასცა.