მიმდინარე კვირაში შიდა ქართლში შესაძლოა მუშაობა კიდევ ორმა აგრარულმა ბაზარმა განაახლოს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხაშურისა და გორის ბაზრების გასახსნელად მუშაობა ინტენსოურად მიმდინარეობს და როგორც კი ისინი შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ფუნქციონირება შეეძლებათ. ამ ეტაპზე რეგიონის 5 ბაზრიდან მუშაობის ნებართვა მხოლოდ ერთს აქვს.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის გარშემო კონტაქტების გამოვლენა შესწავლა დასრულდა და ამ დროისათვის რისკები ლოკალიზებულია. პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე მკაცრი კონტროლი და თერმოსკრინინგი კი სისტემატიურად გაგრძელდება.
რაც შეეხება გიორგობის დღესასწაულის აღნიშვნას, ამ დღესთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაზე შიდა ქართლის საგანგებო-საოპერაციო შტაბი მუშაობს და ხვალ გახდება ცნობილი უსაფრთხოების რა ზომები იქნება მიღებული.
აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.