ქალაქ დუშეთის 700 მოსწავლეზე გათვლილი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის N1 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ჩატარება უკვე თანამედროვე სტანდარტების მქონე სივრცეშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია და სხვა. ასევე, დამონტაჟდა წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები.
გარდა ამისა, N1 სკოლა, რომელიც 700 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, უკვე აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
„პირველ რიგში, ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს მთელი გულით ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. თითოეულ მათგანს საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ. ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომაც, ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს ქალაქ დუშეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლაში ვიმყოფებით, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულდა. მსურს, პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო, რადგანაც ადგილზე ყველა პირობაა შექმნილი განათლების კომფორტულ გარემოში მისაღებად. მჯერა, რომ ერთ დროს სრულად ამორტიზირებული შენობა, დღეს უკვე მოსწავლეების საყვარელი სივრცე გახდება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით კი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ.