სახელმწიფო რწმუნებულის დავალება შესრულებულია – ბოლნისის მერიამ ტრენინგი ჩაატარა

405

წინა სტატია

ბოლნისის მუზეუმში ღვინის კულტურით დაინტერესებული პირებისთვის მეღვინეობისა და მევენახეობის ტრენინგ-კურსები მოეწყო. ეს ის ტრენინგ-კურსია, რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერიებს დაავალა.

ტრენინგი ღვინის პოპულარიზაციას ეხება და მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებულის ფუნქცია ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა და არა – მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განკარგვა, რწმუნებულმა მის მიერ მოწონებული ტრენინგის დაფინანსება, რატომღაც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანხებით გადაწყვიტა.

და აღნიშნული იყო, რომ ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულს ეკუთვნოდა, ხოლო პროექტს სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტი დააფინანსებდა. შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტი ჩასწორდა და აფინანსებს.

ბოლნისის მერიის მუნიციპალიტეტის ცნობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის “აგროცენტრი”-ს მხარდაჭერით, ქართული ღვინის გილდიამ ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, ორდღიანი ტრენინგ-კურსები გამართა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის პირველი დღე – მეღვინეობის, მეორე დღე კი მევენახეობის შესწავლას დაეთმო. ტრენინგ-კურსს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და ენოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ხომასურიძე უძღვებოდნენ. ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა. ტრენინგ-კურსის დასასრულს კი მსმენელებს ორ ენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, სპეციალური ტრენინგ-კურსები დაიგეგმა. ეს კი ხელს უწყობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღვინის დაყენების კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და ახალგაზრდების მევენახეობით დაინტერესებას, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკასა და ტურიზმზე დადებითად აისახება. ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენი ფერმერების განვითარებისთვის შემუშავებულ მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს მხარს ყოველთვის დაუჭერს და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.