“სახელმწიფო რწმუნებულს ამოფარებული მერი”- თვითმმართველობის მკვლევარი ტრაგედიისას გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე

728

26 ივნისს, მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ,  პირველი ოფიციალური კომენტარი ხელისუფლების მხრიდან მედიასთან 17 საათში გაკეთდა. მუნიციპალიტეტის მერმა, კენენ ომაროვმა, განცხადება მხოლოდ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა და გარდაცვლილთა ოჯახებს მომხდარის გამო მიუსამძიმრა. მარნეულის მოსახლობის კითხვებს პასუხი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშილმა და პარლამენტარმა, ზაურ დარგალმა გასცა. მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მათი მოადგილეები და სხვა  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დოხტურიშვილის და დარგალის გამოსვლას გვერდიდან  აკვირდებოდნენ. მერიის ამ ქმედებას სამარცხვინოდ და უპასუხისმგებლობად მიიჩნევს მკვლევარი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში  მაგდა პოპიაშვილი.

“პატარა ბიჭების ჯგუფში უფროს მეგობარს რომ მიიყვანენ საქმის გასარჩევად, დაახლოებით, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა სახელმწიფო რწმუნებულს ამოფარებულმა მერმა. ეს იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო რწმუნებულს აქვს თავისი უფლებამოსილებები და ეს უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტთან არანაირ კვეთაში არ არის, გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობა მოიქცა უბრალოდ უპასუხისმგებლოდ. მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, რომ მისი სათქმელი ეთქვა მათი წარმოდგენით მასზე უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკს თითქოს უფრო მეტ დამაჯერებლობას და დამარწმუნებლობას მისცემდა აი, ამ საკითხს”, – ამბობს მაგდა პოპიაშვილი.

მკვლევარის თქმით, რაც არ უნდა გააკეთონ და ვინც არ უნდა ჩართონ საკითხში, პასუხისმგებლობას მერია ვერ გაექცევა. ამის მიზეზად რამდენიმე საკითხს ასახელებს, რომლის მოგვარებაშიც ადგილობრივი თვითმმართველობა მანამდე უნდა ერეოდეს. ფიქრობს, რომ 27 ივნისს ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული კომენტარები ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

“არ არის მოქალაქე ვალდებული და პასუხისმგებელი იცოდეს ზუსტად იმ შენობის მდგომარეობა, რაშიც ის ცხოვრობს. რომც არ შესულიყო განცხადება მოსახლეობის  მხრიდან, ეს მერიას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მერიას იმიტომ ჰყავს შესაბამისი სამსახურები და პასუხისმგებელი პირები, რომ მათი ვალდებულებაა აკეთოს ეს და არა მოქალაქის, რომელმაც შეიძლება სულაც არ იცოდეს როგორ უნდა მიმართოს. ჩვენ  გვაქვს ამის პრობლემა, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის ფორმები. ბევრი საკითხია, რაზეც მერიას არ უმუშავია მოსახლეობასთან და დღეს რომ სთხოვ, რომ  რატომ არ იყვნენ აქტიური საკუთარი პრობლების გადასაწყვეტად, შენ როდის ასწავლე როგორ უნდა მოგმართონ? რა მიმართულებითაც არ უნდა გაიშვირონ ხელი, ყველა მიმართულებით მერიის პრობლემაა და მათი ჩავარდნილი მუშაობის საკითხი დგება. თუ ეს საკითხი ასე დასრულდება და პასუხისმგებელი პირი და უწყება არ გამოიკვეთება და რეაგირება არ მოჰყვება, გამოდის, რომ ხვალ ან ზეგ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში განმეორდეს ანალოგიური ტრაგედიები და არავინ ამაზე პასუხისმგებელი არ იყოს”, – თქვა მაგდა პოპიაშვილმა.

26 ივნისს, ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის ორი აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა. რა გახდა კორპუსის აივნების ჩამონგრევის მიზეზი და დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე კი ერთადერთი, რისი გაკეთების ვალდებულებაც მარნეულის მერიამ აიღო მოსახლეობის სასტუმროში დროებით განთავსების ხარჯებია.