ვინ გახდება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – მოადგილეებს შეთავაზება არ მიუღიათ

513

20 მაისის შემდეგ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი ასრულებს. თანამდებობებზე რჩებიან დანარჩენი მოადგილეებიც – აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური.

“მოზაიკა” სახელმწიფო რწმუნებულის გადადგომის შემდგომ ვითარებაზე სამივე მათგანს ესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, რეგიონს გუბერნატორი სჭირდება, თუმცა მისი არყოფნის პირობებშიც, ყველა დაწყებული საქმე შეუფერხებლად გრძელდება.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არც ერთი მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. ყველა დაწყებული პროექტი და საქმე გრძელდება”, – ამბობს სიმონ გულედანი.

სამივე მათგანი ამბობს, რომ მომავალი სახელმწიფო რწმუნებულის ვინაობის და წარდგენის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ასევე ამბობენ, რომ რწმუნებულის პოზიციის დაკავების შეთავაზება ამ დრომდე არც ერთ მათგანს არ მიუღია.

  • სიმონ გულედანი: მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა
  • თემურ ხუბულური: ჩემთვის მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია
  • აბელ აბესაძე: მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა და ვაგრძელებ მუშაობას რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე

შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებით თუ არა სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას? – ამ კითხვაზე კი, მათი პასუხები ასეთია:

  • სიმონ გულედანი: მე ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და იქ ვიქნები, სადაც დავჭირდები
  • თემურ ხუბულური: ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. პრემიერ მინისტრის წყვეტს და ჩემს სურვილზე, რა მინდა და რა არ მინდა, არ არის დამოკიდებული
  • აბელ აბესაძე: ვარაუდების დონეზე ნუ ვისმჯელებთ. მოვლენებსაც ნუ გავუსწორებთ. ფაქტი ისაა, რომ შემოთავაზება არ ყოფილა.

ინფორმაციისთვის, ვალერიან მჭედლიძემ სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია, პირადი განცხადების საფუძველზე, 20 მაისს დატოვა. 21 მაისს კი, შიდა ქართლში მყოფმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ახალ სახელმწიფო რწმუნებულს “მალე, თვის ბოლოს” დანიშნავდა. მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და რეგიონი რწმუნებულის გარეშეა.