გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ბაზარი გაიხსნა

359

დღეიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, ღია ტიპის სავაჭრო საბითუმო სივრცეში არსებულ ვითარებას დილიდან პირადად აკონტროლებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.

აღსანიშნავია, რომ ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.