მუნიციპალური განვითარების ფონდი: სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მომავალ კვირას ტენდერი ხელახლა გამოცხადდება

330

წინა სტატია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში, სადაც მშობლების ინფორმაციით, მე-3 წელია რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.

როგორც მუნიციპალურ განვითარების ფონდში განაცხადეს, კომპანიას, რომელიც სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, გაფრთხილების შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტეს, ახალი ტენდერი კი შემდეგ კვირაში გამოცხადდება.

„ჰქონდათ გაფრთხილება, რომ თუ არ დაიწყებოდა სამუშაოები, მობილიზება არ იქნებოდა და სამუშაოების ტემპს არ აუჩქარებდნენ, გავუწყვეტდით ხელშეკრულებას. ასეც მოხდა – ვერ გააკეთეს და ხელშეკრულება გავწყვიტეთ. ახლა დარჩენილი სამუშაოების გადაფასება მიმდინარეობს და ტენდერის ღირებულება ამის მიხედვით განისაზღვრება“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანია შპს „ალიანსს“ შორის ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2021 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა, რომელიც ფონდმა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაწყვიტა. როგორც კომპანიისთვის ფონდის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, „სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკის არსებითი დარღვევებით მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების ძირითადი ნაწილის შეუსრულებლობით.

„დღის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ 23%-ია შესრულებული, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა“, – აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვენ. როგორც მშობლები აცხადებენ, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებს, რის გამოც 3 წლის წინ დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ სკოლა არ ფუნქციონირებს, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებაც ბავშვებს ჰიბრიდულ რეჟიმში მოუწიათ. როგორც მოსწავლეების მშობლები განმარტავენ, მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში 3 დღე ვაზიანის საჯარო სკოლაში უტარდებათ, სადაც ავტობუსით დადიან, ორი დღე კი ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობენ.

მშობლები მუნიციპალური განვითარების ფონდს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.