გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში 3 წლის წინ დაწყებული საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვენ

319

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვენ.

როგორც მშობლები აცხადებენ, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებს, რის გამოც 3 წლის წინ დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.

მათივე ინფორმაციით, სკოლა უკვე მე-3 წელია არ ფუნქციონირებს, ამის გამო კი, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებაც ბავშვებს ჰიბრიდულ რეჟიმში მოუწიათ. როგორც მოსწავლეების მშობლები განმარტავენ, მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში 3 დღე ვაზიანის საჯარო სკოლაში უტარდებათ, სადაც ავტობუსით დადიან, ორი დღე კი ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობენ.

მშობლები მუნიციპალური განვითარების ფონდს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

„3 წელია სკოლა არ ფუნქციონირებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ, მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს. სულ 4 მუშა მუშაობდა. ახლა ადგილზე ან არავინ მუშაობს, ან თუ მუშაობს, ისევ 4 მუშაზე მეტი არა. გვინდა, რომ სკოლას უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. მალე გამოცხადდეს ტენდერი. საკმარისი მუშა მოვიდეს, რომ დროულად მოხდეს რეაბილიტაცია. ონლაინ სწავლება არავითარ შემთხვევაში არ გვინდა – სკოლა გვინდა. ორი დღის წინ ავტობუსი, რომელსაც ბავშვები ვაზიანის სკოლაში გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. მართალია, ამ შემთხვევაში არავინ დაშავებულა, თუმცა არაფრისგან ვართ დაზღვეული. ონლაინ რეჟიმში დარჩენას არ ვაპირებთ – ამ ეტაპზე იარონ ავტობუსით, მაგრამ იქნებ, რამდენიმე თვეში ან 1 წელში მაინც მოხდეს ახალი კომპანიის მიერ სკოლის რეაბილიტაცია“,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთი მოსწავლის დედამ, მედეა რუაძემ.

რაც შეეხება სკოლის დირექციის პოზიციას, მისი თქმით, დირექტორსა და მასწავლებლებს მშობლების მსგავსი პოზიცია აქვთ, თუმცა, პრობლემის მოგვარებისთვის ნაბიჯებს არ დგამენ.

რაც შეეხება „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ კონტრაქტორი კომპანიისთვის, შპს „ალიანსისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2021 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა, რომელიც ფონდმა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაწყვიტა. როგორც კომპანიისთვის ფონდის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ხელშეკრულების შეწყვეტა შპს „ალიანსს“ ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გრაფიკის არსებითი დარღვევებით, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების ძირითადი ნაწილის შეუსრულებლობით, კერძოდ, დღეის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ 23%-ია შესრულებული, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა”, – აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება ტენდერის პირობებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულების თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება სამუშაოს მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით 4 113 067 ლარს შეადგენს.