გარდაბნის მერია: ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

367

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის მესამე, დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის 25 364 მოქალაქე 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა – დავით კარგარეთელმა, პროექტის შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„შეხვედრის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის წყალმომარაგების სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს და პროექტით გათვალისწინებულ პროცედურებზე იმსჯელეს. მერმა, სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებდა ნაწილობრივ სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარების, დამცავი კედლის, ჭაბურღილების, კოლექტორის, საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენის მოწყობას, დასრულებულია.

26 სექტემბრიდან, პროექტის დასკვნითი, მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო, რომელიც უმეტესწილად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლისათვის სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობას გულისხმობს.

სამშენებლო კუთხით მესამე ეტაპის სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი.

I ლოტი – მოიცავს ნორიოს, ვაზიანის და ახალი სამგორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რომლის ძირითადი სამშენებლო სამუშაოებია:

  1. ნორიოში 1×500მ³ რეზერვუარის მოწყობა;
  2. ვაზიანში 1×500მ³ რეზერვუარის მოწყობა;
  3. მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენის მილების მოწყობა;
  4. ასფალტ-ბეტონის საფარის და ასფალტ-ბეტონის ქვეშ ფრაქციული ღორღის მოწყობა;

ხოლო II ლოტი – მოიცავს მარტყოფის და ახალსოფელის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რომლის ძირითადი სამშენებლო სამუშაოებია:

  1. მარტყოფში 2×500მ³ რეზერვუარის მოწყობა;
  2. მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენის მილების მოწყობა;
  3. ასფალტ-ბეტონის საფარის და ასფალტ-ბეტონის ქვეშ 20 სმ ფრაქციული ღორღის (34,705 მ2) მოწყობა;

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და სამუშაოებს შპს „ინსი” ახორციელებს.

სამუშაოების ხანგრძლივობა-სამუშაოების დაწყებიდან: I ლოტი – თვრამეტი თვე; II ლოტი – თვრამეტი თვე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.