გარდაბნის სოფელ გამარჯებაში სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

349

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში, სადაც მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვდნენ, სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

“მუნიციპალური განვითრების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, 800 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.

სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის აგვისტოში დაიწყო. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა, კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება. სამუშაოების დასრულების მიზნით, გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4870“

ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ, მშობლებმა განაცხადეს, რომ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებდა, რის გამოც 3 წლის წინ დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. მათივე ინფორმაციით, სკოლა უკვე მე-3 წელია არ ფუნქციონირებს, ამის გამო კი, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებაც ბავშვებს ჰიბრიდულ რეჟიმში მოუწიათ. როგორც მოსწავლეების მშობლები განმარტავენ, მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში 3 დღე ვაზიანის საჯარო სკოლაში უტარდებათ, სადაც ავტობუსით დადიან, ორი დღე კი ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობენ.