ბორჯომში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე, სასურსათო მარკეტების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს.
“ინტენსიურად ხდება ასევე დაბა ბაკურიანში საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორიებისა და ქუჩების დეზინფექცია. ამასთანა, აღნიშნული ღონისძიებების გარდა, ქალაქის უბნებში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ა(ა)იპ დასუფთავება-კეთილმოწყობისა და სხვა ა(ა)იპ სამსახურები“, – ამბობენ მერიაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.