რეხვიაშვილი: თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლნისში – 2

583

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად, ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული. შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

„დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და 16 ადამიანზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჯამურად, თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის გავრცელებას 38 ფაქტია. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ, მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და მათთან, საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურებულია ერთიანად, ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის, ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა. შეგახსენებთ, რომ 40-ზე მეტი ადამიანია მკაცრ კარანტინში, დანარჩენები დარჩებიან თვითიზოლაციაში. ასევე, ბოლნისში, დაახლოებით, 30 საკვლევი მასალიდან 2 ახალი ფაქტი დადასტურდა და ესეც ცნობილი კლასტერია – სავანეთის კლასეტრი და აქაც კონტაქტები ცნობილია. ჯამურად, ქვემო ქართლში 157 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, რუსთავში და მარნეულში დაავადების განვრცობა არ ყოფილა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.