“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებები ამჯერად წამყვანი – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
აჭარის მთავრობის ცნობით, კომიტეტის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით დაიგეგმა.
მათივე ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა, პროექტის თანახმად, 23 370,3 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
„მომხსენებლის განმარტებით, პრიორიტეტი ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსება, საკარანტინე ზონების, სამედიცინო დაწესებულებების სათანადო საჭიროებებით უზრუნველყოფა, პანდემიისაგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა, სოფლის მეურნეობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერაა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, ხმათა უმრავლესობით კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. დღის წესრიგის მეორე საკითხი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება. მომხსენებლის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი, რომელიც რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაიწერება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უმაღლეს საბჭოს კომიტეტებში ბიუჯეტში ცვლილებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს. დეპუტატები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. როგორც ცნობილია, კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის სამართავად, აჭარის მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.