აჭარის მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარმოადგინა, რომელიც დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარედგინება.
აჭარაში „კოვიდ-19“-ის მართვის ბიუჯეტი საკარნტინო ზონებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობისა და მარაგების შესაძენად დაიხარჯება. ასევე იგეგმება, სასურსათო კალათების გადაცემა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კალათას ჯამში 10 ათასი ბენეფიციარი მიიღებს.
„რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტის პარამეტრებს, ამ ნაწილში ჩვენ განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილებები და დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება პირდაპირ ამ ინფექსიაცთან ბრძოლას და შესაბამისად, გადანაწილდება როგორც საკარანტინო სივრცეებზე, ასევე ჯანდაცვის მარაგების შესავსებად“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.