რიჟვაძე: ბათუმში, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საზღვაო აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები აშენდება

810

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დააანონსა. ამჯერად, სტუდენტებისთვის უფასო საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით აშენდება.

რიჟვაძის თქმით, სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა გარგკვეულ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც აჭარის მთავრობა საზღვაო აკადემიასთან ერთად იზრუნებს საერთო საცხოვრებლის აშენებაზე.

„მინდა აღვნიშნო ახალი ინიციატივები, რომელსაც უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გავითვალისწინებთ. უკვე განვაცხადეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ, რაც ეხება საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა წარმოადგენს გარგკვეულ პრობლემას, ამიტომ, ჩვენ უკვე დამატებით, საზღვაო აკადემიასთან ერთად ვიზრუნებთ ავაშენოთ ერთიანი საერთო საცხოვრებელი, რაც მისცემს შესაძლებლობას ყველა სტუდენტს უწყვეტად მიიღოს განათლება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ ოქტომბერში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბათუმში 400 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში.