აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კულტურის მხარდაჭერასა და ახალ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში სტაჟირებით თეორიული და პრაქტიკული უნარები მიიღოს.
„გრძელდება კულტურის მიზნობრივი მხარდაჭერა. ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა შევიმუშავეთ. ასევე, გავზარდეთ არსებული პროგრამების დაფინანსება. მომავალ წელს ბიუჯეტი იზრდება. ის 40%-ით მეტი იქნება ვიდრე 2022 წელს და 25 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე არც ერთი კულტურის მუშაკი არ დარჩება.
გამოვდივარ ინიციატივით და მინდა მოვუწოდო თითოეულ მინისტრს და თითოეულ სამინისტროს, რომ დავნერგოთ სისტემური სტაჟირების პროგრამა. ძალიან მალე უნდა უზრუნველვყოთ შესაბამისი კონკურსების გამოცხადება, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები. 1-ლი იანვრიდან ამ პროგრამის სრული დატვირთვით ამოქმედება უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.