აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების ინიციატივა განახორციელა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევით არის განპირობებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას მოხმარდება.
„აჭარის მთავრობის დავალებით საკარანტინე სივრცეების მართვას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი 6 აპრილიდან ახორციელებს. საკარანტინე ზონებისთვის ამ ეტაპზე 5 281 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ბიუჯეტის ცვლილებისას საკარანტინე ზონებისთვის ჯამში 7 300 000 ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე აჭარაში 28 საკარანტინე ზონაა. სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით და სასტუმროების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს სასტუმროები საკარანტინე ზონების მოსაწყობად თვითღირებულების ფასში გადაეცა. საკარანტინე ზონებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების და ინდუსტრიის მდგრადობის შენართუნება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სუბსიდირების და პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.