ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანია შემოწმებული და ქობულეთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 35-ია.
როგორც ქობულეთის მერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს აგრარულ ბაზარში, რომელიც ქობულეთში გუშინ გაიხსნა.
„თერმოსკრინგის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თითქმის 20 ათასზე მეტი ადამიანია ამ დროისთვის შემოწმებული. თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ასევე აგრარულ ბაზარში, რომელიც გუშინ გაიხსნა. არც ერთი ადამიანი ბაზარში შემოწმების გარეშე არ შედის. ასევე, ავტომანქანების დეზინფექცია მიმდინარეობს. რაც შეეხება კონტაქტებს, რიცხვი დაახლოებით კვლავ წინა მაჩვენებელზე მერყეობს და თანდათანობით მიმდინარეობს ამის შემოწმებაც. ჯერჯერობით რამე სახის გამოკვეთილი ცვლილება „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებით არ გვაქვს. კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 530-დან 550- მდე მერყეობს. უკვე გარკვეულ ნაწილს იზოლაციის ორკვირიანი ვადა დაუმთავრდა და მათი ხელახალი გადამოწმება ხდება, პასუხები არის უარყოფითი“,- განაცხადა ქათამაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.