კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 500 000 000 ლარი დაიხარჯება

670

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჯამში კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 500 000 000 ლარს დახარჯავს, საიდანაც 1,35 მილიარდი ლარი მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ სოციალურ მხარდაჭერას მოხმარდება, 2.110 მილიარდი ეკონიმიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერას, 350 მილიონი კი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბროლას- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარს მიიღებენ, თვეში 200-200 ლარს,თვითდასაქმებულებს კი, მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

რაც შეეხებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ისინი 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარის დახმარებას მიიღებენ.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, 2021 წლიდან პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით გაიზრდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.