გახარია: სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარის დახმარებას მიიღებენ

1166

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600- ლარის დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-იდან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი – 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

პრემიერის თქმით,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეკონომიკური გამოწვევების და ეკონომიკური კრიზისების პირობებში მრავალშვილიანი ოჯახები არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომლესაც სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის სჭირდება ფინანსური დახმარება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.