პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავომატური დაბრუნების მექანიზმი. როგორც პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, გარდა ამისა, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.
„მეწარმეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: პირველი გახლავთ ის, რომ ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმი, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ როგორც კი მეწარმეს პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერებისა და მოთხოვნის გარეშე, მას დაუბრუნდება დღგ. ამასთან, გარდა ამ მექანიზმის ამუშავებისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ მომავალი 1 წლის განამვლობაში ბიუჯეტიდან დამატებითი 600 მილიონი ლარი დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით. ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვს კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებისა და მეწარმეებისთვის ლიკვიდურობის შენარჩუნებს თვალსაზრისით”, – განაცხადა გახარიამ.
მან, ასევე, განმარტა, რომ ეს ეხება კრიზიულ პერიოდს, არის კრიზისში მეწარმეების დახმარების გეგმა და არ წარმოადგენს ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზიული გეგმას.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.