მარნეულში, სარეალიზაციოდ პროდუქციის ჩაბარება დილიდან განახლდა. როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, გუშინ, მოსახლეობამ 200 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩააბარა, დღეს კი, დამატებით კიდევ 100 ტონის გატანა იგეგმება. ამასთან, დარგალი აცხადებს, რომ პროდუქციის ჩაბარება გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს, წესების დაცვით მოხდება.
„გუშინ 200 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა. დღეს, დამატებით, ორგანიზებულად გავა 100 ტონა პროდუქცია, ანუ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, მაქსიმალურად დარეგიულირდება რეკომენდაციები. დისტანციას ჩვენ დავარეგულირებთ, მოსახლეობაში პირბადეებს ვარიგებთ. ჩვენი ამოცანა დისტანციის დაცვა უფროა, რაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზედამხედველობის სამსახურიცაა ჩართული. მოხდება სიების დარიგება და აღიშნულის მეშვეობით რეგულირება, რაც მოსახლეობამაც იცის“, – განაცხადა დარგალმა.
ცნობისთვის, გუშინ, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებდნენ, ხმაური იყო და პროცესი სოციალური დისტანცირების დარღვევით მიმდინარეობდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.