მარნეულის მერი: 23 სოფელში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

282

23 სოფელში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ჯამში დაიგო 28 000 გრძივი მეტრის გზა. აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა, – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის მიერ მარნეულის მერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულების დაწყებიდან ერთი წლის თავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კენან ომაროვის განცხადებით, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი ახალი წამოწყებაა.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარნეულის მერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შევუდექი.

პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, მარნეულის მოქალაქეებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.

ერთი წელი არც ისე ბევრი დროა, თუმცა ჩემს გუნდთან ერთად ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შევძელი და ახლაც, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მუნიციპალიტეტის თითოეულ ოჯახზე აისახოს ჩვენი ძალისხმევისა და უკეთეს მომავალზე ზრუნვის შედეგები.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბევრ კარგ და საჭირო ინიციატივას შეესხა ხორცი. გამოვყოფდი ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

23 სოფელში განხორციელდა შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჯამში დაიგო 28 000 გრძივი მეტრის გზა. აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. მაგალითად, სოფელ გიულბაღში წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოები პირველად განხორციელდა. მოეწყო სასმელი წყლის შიდა ქსელის სისტემა, აშენდა რეზერვუარი.

30-წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდა. ასევე, დასრულდა მეორე სარწყავი არხის რეაბილიტაცია, რომლითაც სოფელ წერეთლისა და სოფელ დიოკნისის მოსახლეობა ისარგებლებს.

აღსანიშნავია, ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარალელურად, რეაბილიტირდება 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რაც საგრძნობლად განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას.

დავიწყეთ 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის მარნეულის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც სულ მალე დასრულდება. 5 ერთეული ავტობუსით განვაახლეთ მუნიციპალური ავტოპარკი და მიმდინარეობს სატრანსპორტო პოლიტიკის დახვეწა.

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის ცენტრის წინ მიმდებარე სკვერს.

ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით, ბენეფიციართა და მიზნობრივი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას. მნიშვნელოვნად გავზარდეთ სოციალური დაფინანსების ლიმიტები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

კულტურულ სფეროში ახალ წამოწყებებსა და ტრადიციებს ჩავუყარეთ საფუძველი. მუნიციპალიტეტში წელს პირველად ჩავატარეთ მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ და კულტურის სამინისტროს ინიციატივით აღვნიშნეთ შოთა რუსთაველის დღე. ჩემი ინიციატივით თბილისის საბავშვო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მარნეულში სხვადასხვა თეატრებს ვუმასპინძლეთ.

საგარეო ურთიერთობების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ რათა მუნიციპალიტეტში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას შევუწყოთ ხელი. მარნეულში პოლონეთის, კანადის, სლოვაკეთის და ლიეტუვის დელეგაციებს ვუმასპინძლეთ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შამქირის რაიონთან.

წლევანდელი წელი სპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. არაერთი საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულები გახდნენ მარნეულელი სპორტსმენები. თითოეული მათგანის გვერდში იდგა მერია და შესაძლებლობების ფარგლებში ხდებოდა მონდომებული და წარმატებული სპორტსმენების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

მუნიციპალიტეტში ჩატარებულ იქნა სხვადასხვა ტრენინგ-კურსები გამოვყოფდი ფერმერებისთვის და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთათვის სპეციალურ ტრენინგ-კურსს, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით განხორციელდა.

აქტიური ინდივიდუალური კომუნიკაცია მაქვს თითოეულ მოქალაქესთან. ვისმენ მათ საჭიროებებს და დროის მცირე მონაკვეთში ვახდენთ საჭირო რეაგირებას.

ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი ახალი წამოწყებაა.

მადლობა მუნიციპალიტეტის მერიის ყველა თანამშრომელს გუნდური მუშაობისთვის.

ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს – ქვეყნისა და მარნეულის კეთილდღეობა“, – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.