განათლების სამინისტრო ეპიდვითარების გათვალისწინებით სკოლებისთვის განახლებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს

89

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით განახლებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ.

რაც შეეხება ჰიბრიდული სწავლების რეჟიმს, დისტანციური სწავლების რეჟიმის არჩევას გულისხმობს, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

„15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით

ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს. შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობითვე, განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

„სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა“, – აცხადებენ უწყებაში.