ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სანაპირო ზოლში დაფიქსირებული ხალხმრავლობის გამო, ბულვარის ტერიტორიაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს და ვიზიტორებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე იზღუდება:
- სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
- ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
- სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა.
ამასთანავე, დახურულია სკეიტპარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“. ასევე, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.
„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები. ნუ შევუწყობთ ხელს ვირუსის გავრცელებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.