ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სეირნობისგან თავშეკავების თხოვნით მიმართავს

856

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბათუმის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს პარკებსა და სკვერებში სეირნობისაგან დროებით თავი შეიკავონ და დაიცვან სოციალური დისტანცირება. ასევე ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

”ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, კვლავ მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს:

თავი შეიკავეთ შეკრებისაგან და მაქსიმალურად შეზღუდეთ გადაადგილება.

დაიცავით სოციალური დისტანცია.

აკრძალულია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა.

გაითვალისწინეთ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.   ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.