შსს: სოფელ ღვანკითში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

568

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

უწყების ცნობით, სოფელ ღვანკითის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – აცხადებენ უწყებაში.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, რა ვადით ჩაიკეტოს სოფელი ღვანკითი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.