თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

587

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. სოფელში მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, 22 აპრილს კოვიდფინფექცია სოფლის კიდევ 4 მაცხოვრებელს დაუდასტურდა.

“გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 – ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ფაქტობრივად ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის სკრინინგი უკვე დაწყებულია და სოფელში კონტაქტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

დაახლოებით ერთ საათში სოფელ ღვანკითის საკარანტინო ზონაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის წარმომადგენლები ჩავლენ და კოვიდინფექციაზე საეჭვო რამდენიმე პირს ანალიზს აუღებენ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2438 ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.