რა ვადით ჩაიკეტოს სოფელი ღვანკითი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. მისი თქმით, სოფელ ღვანკითში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, რის გამოც სოფელი ჩაიკეტა. როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, სოფელში 2 400 ადამიანი ცხოვრობს და ყველას გამოიკვლევენ.
“სოფელ ღვანკითში სასურსათო მაღაზიები არსებობდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ დაიკეტა, ჩვენ დილიდანვე გვქონდა მოლაპარაკებები ამ მაღაზიების მეპატრონეებთან, რომლებიც დაგვთანხდნენ, რომ გახსნიან მაღაზიებს, შესაბამისად, შევიტანთ პროდუქტს და ამ მხრივ, სოფლის მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე, სხვადასხვა საჭიროების საგნებს, ამაზე დახმარება მოგვიწევს ჩვენი რესურსით და ვისაც ექნება საჭიროება, მოვახდენთ რეაგირებას. სოფლის დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინ გვიან ღამით იმიტომ, რომ გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევა ამ სოფლიდან და ეს რიცხვი გაიზარდა ათამდე“, – განაცხადა შალამბერიძემ.
მისვე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ვირუსის მეტად გავრცელება, გადაწყვიტეს, რომ ღვანკითი დაეკეტათ და 5 შესასვლელ-გასასვლელში დილის 06:00 საათიდან უკვე ბლოკ-საგუშაგოებია გახსნილი.
“გუშინვე, როგორც კი ინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, სოფელში 150-მდე ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, გამოვლინდა სამი ადამიანი, რომელსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნება და დღეს დილით აუღეს ანალიზები, პასუხი საღამოსკენ იქნება ცნობილი. თერმოსკრინგი გაგრძელდება დღეს, ხვალ და ზეგ, 2 400 ადამიანი ცხოვრობს ამ სოფელში და ყველა იქნება გამოკვლეული. სოფლის რწმუნებული, სპეციალისტები უკვე დადიან მოსახლეობასთან, ასევე, ოთხი ჯგუფი იმუშავებს ეპიდემიოლოგების სხვადასხვა ადგილას და ფაქტიურად ყველა ადამიანთან გვექნება კომუნიკაცია. ის პერიოდი, რასაც გადავწყვიტავთ საბოლოოდ, რომ სოფელი იყოს ჩაკეტილი, სოფელს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი არის საკმაოდ მაღალი, რომ ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს. ეს არის სხვა შემთხვევა, არ არის დაკავშირებული იმ პირველ წყაროსთან, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ის პირველი ე.წ. კლასტერი მთლიანად შესწავლილი გვქონდა და ახლა ვინაიდან ახალი კერა გაგვიჩნდა, გადაწყდა, რომ სოფელი ჩაიკეტოს, რა ვადით, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს”, – განაცხადა შალამბერიძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.