თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 20-მდე ნიმუშია გადაგზავნილი და პასუხები ხვალ დილამდე გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც სოფელი ჩაიკეტა, მოსახლეობას სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეემქნება, – განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, სოფელში მაღაზიები ხვალ დილიდან მომარაგდება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ღვანკითში არსებული ერთადერთი აფთიაქის მარაგს საჭიროების მიხედვით შეავსებენ.
სოფლის წითელ ზონად გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დაინფიცირებულთა წრე გაიზარდა და ახალი კერა აღმოჩნდა, რომლის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 24 პირია გადაყვანილი.
ღვანკითში 5 ბლოკ პოსტია ამოქმედებული, რომელსაც სამართალდამცველები და მესამე ქვეითი ბრიგადის დანაყოფები აკონტროლებენ.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, რა ვადით ჩაიკეტოს სოფელი ღვანკითი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.