მარნეულის მერია: აუცილებელი საჭიროებებისათვის სოფლის მოსახლეობამ რწმუნებულებს და დეპუტატებს უნდა მიმართონ

452

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მანქანით გადაადგილების საშვებს ძირითადად სადისტრიბუციო მომსახურეობისათვის გასცემს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

როგორც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერია, ძირითადად, მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ საჭირო და აქტუალურ პროდუქტებზე აკეთებს დაშვებას.

„არის ასევე გამონაკლისები, ეს ეხება ფერმერებს და ა.შ. რასთან დაკავშირებითაც ხდება საშვის დაშვება. ამ მიმართულებით მერიაში რამდენიმე ადამიანი მუშაობს, მერიის ცხელ ხაზზე ზარის შემოსვლის შემდგომ ისინი ამ ჯგუფთან გადამისამართდებიან და შემდეგ ხდება საშვის დაშვება,“ – ამბობს ნინო დეკანოიძე.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მანქანით გადაადგილებაზე საშვის დაშვების გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მიიღება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილების საშვები აქვთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს.

„თუ სოფელში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროება აქვს და ადამიანს აუცილებლად სჭირდება წამალი ან საკვები პროდუქტი და ვერ გადაადგილდება, მას რწმუნებულთან ან დეპუტატთან აქვს კონტაქტი და მათი მეშვეობით ხდება მოქალაქის დახმარება,“ – განაცხადა ნინო დეკანოიძემ.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.