კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რუსეთს ჯარები ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის სამხედროები გადაჰყავთ. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება.
ამასთან, რუსული მედიის ცნობითვე, ადგილზე ჩასვლისთანავე, დროებითი ავტოპარკი და დეზინფექციის პროცესში ჩართული სპეციალური ტექნიკის პუნქტები მოეწყობა. შემდეგ, რუსი სპეციალისტები ადგილობრივი ექიმების დახმარებით, შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოს და დაიწყებენ დეზინფექციას.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა, რის გამოც გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო. გარდა ამისა, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაიკეტა, თუმცა, ახალ ვირუსზე საეჭვო ნიშნებით პაციენტებს გამონაკლისის სახით მგზავრობის უფლებას აძლევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.