ფოთისა და ზუგდიდის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

837

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ თერმოსკრინინგი ჩაუტარა 7500-ზე მეტ მოქალაქეს.

გამშვებ პუნქტებთან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა 32 ათასზე მეტი ავტომობილი.

სახელმწიფო რწმუნებულმა ჯარიმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის რეგიონში დაჯარიმდა 13 პირი.

ზუგდიდის შემოსასვლელში სოფელ ცაცხვში და ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საკონტროლო პუნქტები 31 მარტს ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.