კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა. ბლოკ-პოსტები მოეწყობა ზუგდიდის შესასვლელშიც, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მეტად რისკის ზონებია ფოთი და ზუგდიდი.
„რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში, რა თქმა უნდა შესასვლელში. ამ ორ ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს.
მოგეხსენებათ, ფოთში ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება შემდეგ აქ ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს. რაც შეეხება ზუგდიდს, სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში მდგომარეობა ვიცით, რომ კონტროლს არ ემორჩილება და არ არის გატარებული ის ღონისძიებები, რაც არის გატარებული ჩვენთან, საფრთხე არსებობს ძალიან მაღალი, როგორც აფხაზეთში, ისევე ყველგან. თუკი მოხდება გავრცელება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობენ, ჩვენი თანამემამულეები მივიღოთ. ამდენად, რუხის საავადმყოფოს აღჭურვის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა სწორედ ეს იყო“, – განაცხადა მოწერელიამ.
ზუგდიდში ჯერ ერთი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა ელოდებიან რაოდენობის ზრდას.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.