ახალგორში პაციენტების გარდაცვალების ფაქტებს ციხელაშვილი ეხმაურება

504

წინა სტატია

“უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში,”- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, “4 სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, რასაც დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა”.

“იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია, ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და საუბედუროდ უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის, ფაქტობრივად, გაგრძელება აი ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა…

4 სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, რასაც დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ რეჟიმის ამგვარი მიდგომები, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა, ფაქტობრივად, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა. დღესაც, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერს თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია და ასევე მოვუწოდოთ ყველა დეფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც აი ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება. დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს. მიეცეთ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება და ძალიან ბევრი სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა გადარჩენილი,”- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისათვის, „ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ამის მიზეზად პუბლიკაციაში დასახელებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი „საზღვარი“, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში ვერ ჩადიან.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, თავდაპირველად, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო, ისიც მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გაჩნდა.

2020 წლის 1 მარტიდან, კი მსოფლიოს იმ 62 ქვეყნის მოქალაქეს, სადაც კორონავირუსი გავრცელდა, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში “შესვლაზე” შეზღუდვები დაუწესდა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.