„ეხო კავკაზა“: გასულ კვირას ახალგორის საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა

1314

შემდეგი სტატია

„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ამის მიზეზად პუბლიკაციაში დასახელებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი „საზღვარი“, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში ვერ ჩადიან.

კარანტინის გამო ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ გამონაკლისს არც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფებისთვის აკეთებენ, – ნათქვამია „ეხო კავკაზას“ სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთია 65 წლის ზაურ ჩიტიშვილი. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ კიდევ ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუმცა მათ თბილისში გამგზავრების უფლებას არ აძლევენ.

ცნობისათვის, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, თავდაპირველად, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო, ისიც მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გაჩნდა.

2020 წლის 1 მარტიდან, კი მსოფლიოს იმ 62 ქვეყნის მოქალაქეს, სადაც კორონავირუსი გავრცელდა, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში “შესვლაზე” შეზღუდვები დაუწესდა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.