ოკუპირებულმა ცხინვალმა 12 აპრილამდე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობა

464

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერიტორიაზე „აკრედიტებულ“ უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი 12 აპრილის შუაღამემდე დაკეტილია და იკრძალება ნებისმიერი სახის მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რესი“ ავრცელებს.

დეფაქტო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ზომები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უკავშირდება და დროებით ხასიათს ატარებს.

ცნობისათვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.